воскресенье, 27 января 2019 г.



მინიატურები მასწავლებელზე

------------------------------------

I.ათი მცნება და ცხრა ნეტარება

მასწავლებელი ხარ, თუ:

1. დილა სიხარულით გითენდება, მიუხედავად იმისა, რომ გულს მძიმე ფიქრები დააქვს ტვირთად!

2. შენი სკოლის კედლებიც გიყვარს;

3. შენი თითოეული მოსწავლის საჭიროებით ქმნი თეორიებს, რომელებიც ოდნავადაც არ ჰგვანან სადმე ნასწავლსა და ამოკითხულს;

4. გეშინია სკოლის კედლის ბზარების...

5. თუ გიყვარს საკლასო ოთახის კარის ხასელურიც კი...

6. საკლასო ოთახიდან გამოსვლისას ხარ უკმაყოფილო საკუთარი თავის...

7. გაკვეთილის ბოლოს ხვდები, რომ რაღაც დაგრჩა უთქმელი და ეს ფიქრი გაწვალებს, არ გაძინებს...

8. ვერ ბრაზდები, მაგრამ თამაშობ ბრაზს...

9. თითოეულ მოსწავლეში ხედავ დიდ მომავალს...

10. ავადმყოფობისას აცდენ გაკვეთილს და გრცხვენია მოსწავლის.

ნეტარ არიან...

1. ძლიერნი და ამტანნი

2. უშფოთველნი და უდრტვინველნი

3. მებრძოლნი და შეუპოვარნი

4. უძლეველნი და დაუმარცებელნი

5. შევერცლილნი და დაღვინებულნი

6. ცელქნი და მომღიმარნი

7. მართალნი და გულწრფელნი

8. მზრუნველნი და ტკბილმოუბარნი

9. სწავლულნი და შრომისმოყვარენი

II.ბოლო ზარზე ადევნებული ფიქრები დამრიგებლისა

რა შემაშფოთებელი სიტყვა მოუფიქრებია არსთა გამრიგეს-„ბოლო“... და მაინც ყველაფერს აქვს დასასრული ... ზარის რეკვაც თავზარდამცემია ზოგჯერ, თუმცა ვისთვის-როგორ?! ატეხილ ჟრიამულს , მხიარულ ფაციფუცს სუსტად ჩრდილავს ნაღველი,-ყველასაგან მალული და შეუმჩნეველი.. გამოსათხოვარი თუ სამადლობელი სიტყვა მრავალწლიან სიყვარულსა და ზრუნვას ამარცხებს... ნაძალადევი ღიმილი გულწრფელ დარდს ჩრდილავს... დაფრთიანებული წიწილები საბუდარს შორდებიან... სცენა ეთმობათ სოლისტებს: სიხარულსა და განშორების ტკივილს... რა მაგის პასუხია , მაგრამ აკვირდება თითოეულს და მაინც ეფიქრება მხოლოდ ერთს დარბაზში: „ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს, ... პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სიხარული მარტო წინ აყურებინებს... განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.." ტკბილი იქნებოდა ბოლო ზარი, ია-ვარდით მოფენილ ცხოვრებას რომ უქადდეს ყმაწვილს. ვინ იცის, რამდენისთვისაა ბოლო ცელქი წუთები, ხალისი და უდარდელობა?! ნიშნის მოგებასაც აპარებს გონება ალბათ: „იცოდეთ მაინც , სად მიდიხართ?!.. -სად და ფიქრის გორაზე, გასწავლათ კი ვინმემ ფიქრი? აქამდე ხომ ყველა თქვენ მაგივრად ფიქრობდა?! ხოდა წადი!!!“ მეორე დღეს ცარიელი საკლასო ოთახი მესაიდუმლეობს მზრუნველი დამრიგებლის ფიქრებსა და ცრემლებს, კედლები მასთან ერთად ჩაცქერიან გიჟმაჟი წლების ამსახველ სურათებს... 



III. 20 წლის შემდეგ...

ქუჩის აღმართს ქოშინითა და სვენებ-სვენებით მიუყვება მოხუცი... ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი სახლამდე... ბევრჯერ ასწრებს ყური მშობლიური ზარის ხმის მოსმენას.. ზარები მის გუშიც რეკავენ მონატრებისას. დაუძლურებულ სხეულს რაღაც დიდი ძალა შეატორტმანებს... ვინ არის? საოცრად ნაცნობი მზერა, ცელქი ღიმილი, მაგრამ უცნობი სახე... ახალგაზრდა ჩასჩერებია მოხუცის თვალებს, ელის, რომ იცნობს, აუციმციმა თვალები ანცი ბავშვობის გახსენების მოლოდინმა.. ცრემლი უნამავს დანაოჭებულ სახეს მოხუცს, გაიხსენა, თვალებითა და ღიმილით იცნო მისი აუტანელი, მოუსვენარი, ჯიუტი მოსწავლე.. ცრემლით და თითქმის უსიტყვოდ წლები გაიხსენეს.. ამ ცრემლს დამსახურება უნდა!...

IV. თაიგული

სასაფლაოს გზას მიუყვება ახალგაზრდა, საყვარელი ბებიის საფლავზე წითელი ვარდების თაიგული მიაქვს.. ცოტაც და მივა საფლავთან , მოუყვება ბებიას თავის ცხოვრებას... ახალი მიწაყრილი შენიშნა მახლობლად,- ჯერაც დაუტკეპნავი... ქვაზე სათნო მოხუცის სახე ამოუტვიფრავს ვიღაცას.. ცრემლი მოადგა თვალს და ხელმა თაიგულისაკენ გაიწია.. ერთი ვარდი ამოაძრო და საფლავზე ფაქიზად დადო.. ამ ცრემლსა და ვარდს დამსახურება უნდა!..

ნ/მ