воскресенье, 27 января 2019 г.



მინიატურები მასწავლებელზე

------------------------------------

I.ათი მცნება და ცხრა ნეტარება

მასწავლებელი ხარ, თუ:

1. დილა სიხარულით გითენდება, მიუხედავად იმისა, რომ გულს მძიმე ფიქრები დააქვს ტვირთად!

2. შენი სკოლის კედლებიც გიყვარს;

3. შენი თითოეული მოსწავლის საჭიროებით ქმნი თეორიებს, რომელებიც ოდნავადაც არ ჰგვანან სადმე ნასწავლსა და ამოკითხულს;

4. გეშინია სკოლის კედლის ბზარების...

5. თუ გიყვარს საკლასო ოთახის კარის ხასელურიც კი...

6. საკლასო ოთახიდან გამოსვლისას ხარ უკმაყოფილო საკუთარი თავის...

7. გაკვეთილის ბოლოს ხვდები, რომ რაღაც დაგრჩა უთქმელი და ეს ფიქრი გაწვალებს, არ გაძინებს...

8. ვერ ბრაზდები, მაგრამ თამაშობ ბრაზს...

9. თითოეულ მოსწავლეში ხედავ დიდ მომავალს...

10. ავადმყოფობისას აცდენ გაკვეთილს და გრცხვენია მოსწავლის.

ნეტარ არიან...

1. ძლიერნი და ამტანნი

2. უშფოთველნი და უდრტვინველნი

3. მებრძოლნი და შეუპოვარნი

4. უძლეველნი და დაუმარცებელნი

5. შევერცლილნი და დაღვინებულნი

6. ცელქნი და მომღიმარნი

7. მართალნი და გულწრფელნი

8. მზრუნველნი და ტკბილმოუბარნი

9. სწავლულნი და შრომისმოყვარენი

II.ბოლო ზარზე ადევნებული ფიქრები დამრიგებლისა

რა შემაშფოთებელი სიტყვა მოუფიქრებია არსთა გამრიგეს-„ბოლო“... და მაინც ყველაფერს აქვს დასასრული ... ზარის რეკვაც თავზარდამცემია ზოგჯერ, თუმცა ვისთვის-როგორ?! ატეხილ ჟრიამულს , მხიარულ ფაციფუცს სუსტად ჩრდილავს ნაღველი,-ყველასაგან მალული და შეუმჩნეველი.. გამოსათხოვარი თუ სამადლობელი სიტყვა მრავალწლიან სიყვარულსა და ზრუნვას ამარცხებს... ნაძალადევი ღიმილი გულწრფელ დარდს ჩრდილავს... დაფრთიანებული წიწილები საბუდარს შორდებიან... სცენა ეთმობათ სოლისტებს: სიხარულსა და განშორების ტკივილს... რა მაგის პასუხია , მაგრამ აკვირდება თითოეულს და მაინც ეფიქრება მხოლოდ ერთს დარბაზში: „ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს, ... პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სიხარული მარტო წინ აყურებინებს... განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.." ტკბილი იქნებოდა ბოლო ზარი, ია-ვარდით მოფენილ ცხოვრებას რომ უქადდეს ყმაწვილს. ვინ იცის, რამდენისთვისაა ბოლო ცელქი წუთები, ხალისი და უდარდელობა?! ნიშნის მოგებასაც აპარებს გონება ალბათ: „იცოდეთ მაინც , სად მიდიხართ?!.. -სად და ფიქრის გორაზე, გასწავლათ კი ვინმემ ფიქრი? აქამდე ხომ ყველა თქვენ მაგივრად ფიქრობდა?! ხოდა წადი!!!“ მეორე დღეს ცარიელი საკლასო ოთახი მესაიდუმლეობს მზრუნველი დამრიგებლის ფიქრებსა და ცრემლებს, კედლები მასთან ერთად ჩაცქერიან გიჟმაჟი წლების ამსახველ სურათებს... 



III. 20 წლის შემდეგ...

ქუჩის აღმართს ქოშინითა და სვენებ-სვენებით მიუყვება მოხუცი... ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი სახლამდე... ბევრჯერ ასწრებს ყური მშობლიური ზარის ხმის მოსმენას.. ზარები მის გუშიც რეკავენ მონატრებისას. დაუძლურებულ სხეულს რაღაც დიდი ძალა შეატორტმანებს... ვინ არის? საოცრად ნაცნობი მზერა, ცელქი ღიმილი, მაგრამ უცნობი სახე... ახალგაზრდა ჩასჩერებია მოხუცის თვალებს, ელის, რომ იცნობს, აუციმციმა თვალები ანცი ბავშვობის გახსენების მოლოდინმა.. ცრემლი უნამავს დანაოჭებულ სახეს მოხუცს, გაიხსენა, თვალებითა და ღიმილით იცნო მისი აუტანელი, მოუსვენარი, ჯიუტი მოსწავლე.. ცრემლით და თითქმის უსიტყვოდ წლები გაიხსენეს.. ამ ცრემლს დამსახურება უნდა!...

IV. თაიგული

სასაფლაოს გზას მიუყვება ახალგაზრდა, საყვარელი ბებიის საფლავზე წითელი ვარდების თაიგული მიაქვს.. ცოტაც და მივა საფლავთან , მოუყვება ბებიას თავის ცხოვრებას... ახალი მიწაყრილი შენიშნა მახლობლად,- ჯერაც დაუტკეპნავი... ქვაზე სათნო მოხუცის სახე ამოუტვიფრავს ვიღაცას.. ცრემლი მოადგა თვალს და ხელმა თაიგულისაკენ გაიწია.. ერთი ვარდი ამოაძრო და საფლავზე ფაქიზად დადო.. ამ ცრემლსა და ვარდს დამსახურება უნდა!..

ნ/მ

воскресенье, 11 ноября 2018 г.

ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები" (გეგმა)


ა) კვამლის სიტკბოება („ამბობენ: И дым отечества нам сладок и приятен. კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, – პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.“


ბ) „დასაღუპავი“ თერგის „დაუყუჩავი“ ტკივილი („ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია... ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!..დალოცა ღმერთმა ისევ თანზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა...მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს...თერგი [მაგონებს] მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო!„მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივლი დაუყუჩავია...


გ) საუკუნედ ქცეული ოთხი წელიწადი („...ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.“)

დ) მწერლის „მრავალნაირი“ ფიქრების „ფერადი გრეხილი“ („...მრავალნაირი ფიქრები ერთად მოექცნენ, მერე აირივნენ ერთმანეთში. ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თვითვეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. -როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული. მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? – ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი.“ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში, ვისაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა?


ე) მამულიშვილის მოვალეობა-„ღვიძლი სიტყვის“ თქმა („იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი;)


ვ) ილიას იჭვნეული ფიქრები („იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა... მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა...

ზ) ილიას სასოება/იმედი- („იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული...იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური..გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ, იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის.“...დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?..


თ) ილიას დაპირება: ღვიძლი სიტყვის შესატყვისი საქმე-(„ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად...მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები ადამიანს, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა.



ი) „აყუდებული“ მყინვარი- შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულ მყინვარსა, რომელსაც ყაზბეგის მთას ეძახიან. დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა...მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, – ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი.ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია...მყინვარი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივია – როგორც უკვდავება და ჩუმია – როგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა...არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს..იგი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ.


კ) ილიას ლიტერატურული პორტრეტი-მარტოსული მამულიშვილი („ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო... არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა...მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ“..ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა... [მყინვარი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ, ამან ამირია იმ დილით დამშვიდებული გონება. ] გულმა კიდევ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა...სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა.


მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ – სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..


ლ) ქვეყანაში გამეფებული უკუნი- ბნელი ღამე („ჩემოღამდა; მზე ...გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა. დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა...არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა...ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან!..


მ) ნათელი დღე-თავისუფლების გარიჟრაჟის სადარაჯოზე („მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალიბითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა!.. დღეო ნათელო, მოვედ შენ!..გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს.. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი.


ნ) კანონზომიერებანი („რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.“.. „მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე...ცარგვლის გამჩენმა განაგო იქაით [ბარში]-მაძღრობა, აქაით [მთაში]– სიმრთელე.ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის?

ო) ორფეხი ცხოველი და ადამიანი („ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან...დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვლისა და წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!..გათენდა! გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა.კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა.


პ) ქვეყნის „თვალყურმადევარი“ მოხევეს პორტრეტი- („მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარამორეული, ხანში შესული კაცი. ბოლოს გამოჩნდა, რომ თვალყურმადევარიც ყოფილა იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც მის გარშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა.
[მთა: „არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.ცარიალ სტვამაქი მაგნით [სუფთა წყლითა და ჰაერით] ვერ გაძღების.–აქაველ ჯანმრთელნი არნ...ცარგვლის გამჩენმა განაგო აქაით [მთაში]– სიმრთელე.


[ბარი:იქაითაც საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. ცარგვლის გამჩენმა განაგო იქაით [ბარში]-მაძღრობა...
[ღირებულებები და პრიორიტეტები: ქვეყანა სჯობია მაძღარიც და მრთელიც-ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა.არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია...თვალთათვის ტყობად სამასელ არნა.ქართველის ტალავარის იერი სრულად სხვაია. რუსულჩი ქართველ კაც მეუცხოების.

-ქართველი გულით უნდა ქართველობდეს, თორემ ტანისამოსი რა არის?

-მართალ ხარნ. მაგრამად გულჩი ვინ ჩაიხედნის? გული შიგნიდ არნ, უხედველ, ტალავარ გარედ არნ, სახედველ.

რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.


ჟ) თავისუფალი საქართველოს გმირული წარსულის ლანდი-ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით..ადრიდა ჩვენობა იყვის.


რ) ილიას თანადროული სამშობლო-აწინა?.. ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვართ. აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის....... აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ – პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი...წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ...

суббота, 13 октября 2018 г.

ილია ჭავჭავაძე, "მგზავრის წერილები" (უცხო ტექსტის გააზრება)


ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე
I
დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსისიამშჩიკმაფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში...ამბობენ: И дым отечества нам сладок и приятен. კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად სასიამოვნოა, – პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.“ პოვოსკაში ჩავჯექ.
1.      რატომ არის კვამლი სასიამოვნოო? (პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე.)
2.      მამულის კვამლი რატომ არისო ტკბილი და სასიამოვნო? (ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.“)
3.      რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული ფრაზაში: „ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ“ (ირონია/სარკაზმი)
II
ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე, რომ, არამცთუ წყალი დამელოს, თვალიც არ ამიხილებია. მეშინოდა, თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი.
ეგ დასაღუპავი თერგი! რა ორპირი ყოფილა! დახე, როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია... ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!..
ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“
1.      რატომ გამხდარა თერგი ორპირი? (რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია)
2.      რაგვარმა შიშმა შეიპყრო მგზავრი? (თერგდალეულობა არ დამწამონ-მეთქი.)
3.      რაში გამოიხატა თერგის ორპირობა? (რუსეთში „ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია..საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს...მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა.)
4.      ჩვენს მხარეს როგორიაო თერგი? (შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო... დაუმონავი, ძლევამოსილი და შეუპოვარი)
5.      რა არისო საგულისყურო, ანუ დასაკვირვებელი თერგშიო? (დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია.)
6.      ფრაზაში - „ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!“ რას ნიშნავს პირველ შემთხვევაში სიტყვა „ცოდვა“ და რას-მეორე შემთხვევაში? განმარტეთ ფრაზა! (საცოდავი ხარ, რადგან დამონებულხარ და სცოდავ, რადგან მიმკვდარხარ და დევგმირული ხმა (იგულისხმება-ხმა თავისუფლებისა) ჩაგწყვეტია)
7.      რატომ დაუკავშირა შოთა რუსთაველის სტრიქონები თერგის აღწერას ილიამ? (ადამიანური ბუნება საამური ყოფისადმი დამონება და მამულის კვამლით  თვალახვეული ცხოვრება, რომელიც რუსეთისაკენ პირშექცეული თერგის მდგომარეობას შეადარა, ერთგვარად კანონზომიერია, რადგან წუთისოფლის მტარვალი ხელი ანადგურებს, სპობს თუ ანელებს  ადამიანში თავისუფლების შეგრძნებას.)
8.      მოცემული წინადადება დაყავით ისე, რომ განაცალკევოთ მიზეზი და შედეგი!- „როგორ მიმკვდარა. რაკი ზურგი ჩვენსკენ უქნია და პირი რუსეთისაკენ, რაკი გაუმინდვრებია და გაუვაკნია, როგორღაც ის დევგმირული ხმა ჩასწყვეტია“...
...ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.
1.      ვისთვის ქცეულა  ეს ოთხი წელიწადი მთელ  საუკუნედ? (ვინც თავის ქვეყანას მოშორებია.)
2.      განათლების მისაღებად გავლილი ოთხი წელიწადი რა ღირებულების მატარებელია? (ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული.)
3.      რომელ ფრაზაში ჩანს რუსეთში განათლების მისაღებად გამგზავრების მიზანი? (რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს.)
4.      დაყავით მოცემული ფრაზა სამ ნაწილად შემდეგი რუბრიკებით: ა) დასახული მიზანი; ბ) მიღწეული მიზანი; გ) შედეგი - „მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, (რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს). ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც (ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა.) ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც (მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა).“
5.      ვის შეჰხარის ილია? („ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა. „)
III
...მრავალნაირი ფიქრები ერთად მოექცნენ, მერე აირივნენ ერთმანეთში. სიტყვამრევოლუციამარ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.
ამ ყოფაში ვიყავ. ბოლოს ჩემთა ფიქრთა, ყოველმა თვითვეულად, თავისი შესაფერი ადგილი დაიჭირა ჩემს გონებაში. მათ შორის ერთი უფრო ბრწყინვალედ გამომეხატა. -როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული.
1.    როგორ გესმით ფრაზა: „ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.“ რას შეიძლება შევადაროთ დაღვინების პროცესი? (მოზარდობის ასაკს ვიდრე ზრდასრულობის პერიოდამდე; რევოლუცია/აჯანყებები; ღია და ფარული კონფლიქტები; )
2.    რა აშინებს მწერალს? (-როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, – ვიფიქრე. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა?)
3.    რა აიმედებს მწერალს? (იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა)
4.    რომელ ფრაზაში ჩანს ამ იმედის საფუძველი და გამართლება? (ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული.)
მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა? იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა? გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ; იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ, იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა, რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია; ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ,  იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის. მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია. შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? – ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც. ვიგრძენ, რომ ამ კითხვამ შესწყვიტა ის ზემოხსენებული ჩემი ფიქრების ფერადი გრეხილი.
1.      რომელ ფრაზაშია აღწერილი მონატრებულ სამშობლოსთან შეხვედრა? (ჩემმა ქვეყანამ მამიყოლოს და მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა)
2.      იპოვეთ ამონარიდი ტექსტიდან- რა მიზეზით ვერ მიუხვდება სამშობლოს საწუხარსა და სათქმელს? (მის ენას გადაჩვეულმა)
3.      რისი იმედი აქვს  მწერალს? (იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური... ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც... იმის სიტყვასაც და ენასაც გავიგებ...ჩემს სიტყვასაც გავაგებინებ...  )
4.      რომელ ფრაზებში ჩანს ამ იმედის საფუძველი და გამართლება? (იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ... იმიტომ, რომ მამულს შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა..იმიტომ, რომ შვილის სიტყვა მშობელს ყოველთვის ესმის.)
5.      რითი სხვაობს მამულიშვილის გული ყურისგანო? (მისთვის „დუმილიც გასაგონია“)
6.      იპოვეთ ფრაზა, რომელშიც ჩანს მამულიშვილის ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა სამშობლოსთან შესახვედრად მზად? (მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; იმ სიტყვით ვასმინო, რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი? შევიძლებ გასაგონის ღვიძლის სიტყვის თქმასა?)
7.      რომელ ფრაზაში ჩანს მამულიშვილის მოვალეობა? (ღვიძლი სიტყვა ვუთხრა ...  სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო; ... თვითოეული  ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო  ...)
8.      იპოვეთ სანუგეშო, „ღვიძლი“  სიტყვა! (არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი;)
9.      რის ან ვის იმედად ეტყვის სანუგეშო სიტყვას  მწერალი სამშობლოს?  (თვითოეული   ნაპერწკალი, რომელიც   არ   შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟროლავდეს);
10.  რამ შეუწყვიტა მწერალს „ფიქრების ფერადი გრეხილი?“ (შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ? – ვკითხე მე ჩემს თავს და გავჩერდი კიდეც.)
IV
იმ საღამოს სტეფანწმინდას ამოვედი. მშვენიერი საღამო იყო, ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გამეძღო მშვენიერის ხილვითა. ოხ, საქართველოვ!
სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?“
ოთახიდამ გარეთ გამოვედი და შევხედე სტეფანწმინდის პირდაპირ აყუდებულ მყინვარსა, რომელსაც ყაზბეგის მთას ეძახიან. დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი. დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, – ერთის სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელის თავის დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის: იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივიაროგორც უკვდავება და ჩუმიაროგორც განცხრომა. არა, მყინვარი არ მიყვარს, მით უფრო, რომ მიუკარებლად მაღალია. ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა. ამიტომაც მე, როგორც ქვეყნის შვილს, თერგის სახე უფრო მომწონს და უფრო მიყვარს. არა, მყინვარი არ მიყვარს: მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი. მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი
1.      როგორ აღწერა ილიამ მყინვარის დიდებულება? (აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად. ერთის მუჭისოდენი ღრუბელიც არა ჰფარავდა მის მაღალ შუბლსა, მის ყინვით შევერცხლილს თავსა. ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო. მყინვარი!.. დიდებულია..)
2.      ფრაზაში „ერთადერთი ვარსკვლავი, მეტად ბრწყინვალე, ზედ დაჰნათიდა, ერთს ალაგს გაჩერებული, თითქო მყინვარის დიდებულ სახეს განუცვიფრებიაო“ -ვის განასახიერებს ვარსკვლავი , თქვენი აზრით? მსჯელობა დაასაბუთეთ!
3.      ამოკრიბეთ ტექსტიდან მყინვარის ეპითეტები! (თეთრი და აუმღვრეველი..ყინვით შევერცხლილი  თავით... დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, ცივი და თეთრი... საკვირველია და არა შესაყვარებელი.)
4.      რას განაცდევინებს სამშობლოს მოახლოვებულ მამულიშვილს მყინვარის დანახვა? (მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს...არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა.)
5.      რატომ არ არის შესაყვარებელი დიდებული მყინვარი? (ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზედ უდგა, თავი კი ცას მიუბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია.)
6.      რას უწუნებს მყინვარს მწერალი? (არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. მისი სიცივე ჰსუსხავს და სითეთრე აბერებს!რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება.  )
7.      რატომ სწუნობს მიუკარებელი  მყინვარის სიმაღლეს  მწერალი? (ქვეყნის ბედნიერების ქვაკუთხედი კი ყოველთვის ძირიდამ დადებულა, ყოველი შენობა ძირიდამ ამაღლებულა, მაღლიდამ კი შენობა არსად არ დაწყებულა.)
8.      რატომ ურჩევია თერგი მყინვარს? (თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი, მღვრიე თერგი. შავის კლდის გულიდამ გადმომსკდარი მიდის და მიბღავის და აბღავლებს თავის გარეშემოსა. მიყვარს თერგის ზარიანი ხუილი, გამალებული ბრძოლა, დრტვინვა და ვაი-ვაგლახი... იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ.)
9.      როგორ ადამიანს შეადარა მწერალმა თერგი? (თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის)
10.  რომელ ფრაზაში ვპოულობთ თერგის „ღირსსაცნობი სახე“ ?  (იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა.)
11.  რას განასახიერებს მყინვარი? (უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა: ცივიაროგორც უკვდავება და ჩუმიაროგორც განცხრომა.)
12.  რომელ მწერლებს შეადარა მყინვარი და თერგი ილიამ? (მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა.)
13.  რა ემუქრება თერგს დადუმებისას? (აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს.)
14.  რა მატებს ძალას ქვეყანას? (მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი )
ავალება: „კორნელის გრაფის“ გამოყენებით ამოიწერეთ თერგისა და მყინვარის სახასიათო ნიშნები და დაასაბუთეთ მწერლის პოზიცია რუბრიკით „ანალიზი“!
V
ჩემოღამდა. თერგისა და მყინვარის ყურებაში და ზოგიერთ ფიქრების გართვაში დრო ისე გამეპარა, რომ თითქმის ვერ შევიტყე, მზე როგორ გამოესალმა მისგან გამთბარ ქვეყნიერებასა და როგორ მიეფარა მთებსა. დაღამდა, თვალწინ აღარა სჩანს-რა, მისწყდა ხმაურობა ქვეყნისა, ქვეყანა დადუმდა.
დაღამდა, მაგრამ არ ვიცი, რას ვიქმოდი, რომ იმედი არა მქონდეს კვლავ გათენებისა. სიცოცხლე სიცოცხლედ-ღა ეღირებოდა?.. მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.
დაღამდა, მაგრამ მე მაინც სტანციის გარედა ვარ და დაჟინებით ყურდაცქვეტილი გონებას ვადევნებ თერგის თავზედ ხელაღებულის დენის ხუილსა. ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო! მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი ჩივილი. არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ, ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან. ამ ღამეს ვგრძნობ, რომ ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა. გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის? დროს დავაცალოთ ამის პასუხის მიცემა.
ერთი სიტყვით დაასათაურეთ ფრაზა :“ მიყვარს, ბუნებავ, შენი დაწყობილობა, რომლის მეოხებითაც ყოველი ღამე თენდება ხოლმე.“
1.      რა არ გვაგრძნობინებს მარტოსულობას მაშინაც კი, როცა გვერდით არავინ გვყავსო? (არის ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქო შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს. ამიტომაც შეგიძლიან სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ)
2.      რას შეეხიზნა ფიქრებით მარტოსული მწერალი ღამით? (ჩემის ფიქრებისა და თერგის ჩივილის შუა არის რაღაც იდუმალი კავშირი, არის რაღაც თანხმობა.)
3.      რა განცდა დაუფლებია თერგის „დაუჩუმარ ჩივილს“ შეხიზნებულ მწერალს ? (გული მიტოკს და მკლავი მითრთის.)
4.      ვის მოიხსენიებს  „ორფეხ ცხოველად“ მწერალი? (ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან.)

   დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვისა  და  წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო. ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!.. არა, წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე! შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია. აი მიზეზი ქვეყნის უბედურობისა. ჰოი, ბნელო ღამევ! მეჯავრები შენ მე. შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..
1.      აღწერეთ „ქვეყნის ძილი!“ (დაღამდა. მისწყდა ადამიანის ფეხის ხმა, მისწყდა ადამიანის მორჭმული ხმაურობა, აღარ ისმის მისის დაღლილის ზრუნვისა  და  წადილის გუგუნი, ქვეყნის ტკივილმა დაიძინა, ადამიანი აღარა სჩანს ჩემს გარშემო.)
2.      დააკავშირეთ ერთმანეთთან ფრაზები: „ორფეხი ცხოველი“ და „რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!..“)
3.      რას გაურბის და რას ნატრობს  მწერალი? (წარიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის ტანჯვითა, წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..)
4.      რატომ სძულს ბნელი ღამე ილიას? რაში ხედავს ქვეყნის უბედურების მიზეზს ერის სულიერი მამა?  (შენ რომ არ დაარსებულიყავ ქვეყნისათვისა, მე მგონია, რომ ნახევარი უბედურობაც ადამიანისა ქვეყანაზედ არ იქნებოდა. შენთა მოვლენათა დასცეს პირველად თავზარი ადამიანის გონებასა და დააფრთხეს იგი. მას აქეთ შეშინებულსა გზა თვისი ვერ უპოვნია, – და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდელამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადაუჩვევია...შენის კალთის ქვეშა, ვინ იცის, რამდენი გაბოროტებული მტერი ადამიანისა ეხლა თავს იმალავს? ვინ იცის, ამ ბნელ ფარდის ქვეშ, რომელიც ეხლა ჩემს თვალს ჩამოაფარე, რამდენი მჭედელი და მტარვალი ქვეყნისა სჭედავს ბორკილთა ადამიანის ბედის შესაჭედად? შენ ხარ ხელის შემწყობი იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან ...შენ ხარ ჟამი და დრო კუდიანების სერბოსა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა. ჰოი, ბოროტო, წარველ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!..)
5.      როგორ განმარტავს თვალთმაქცობას ილია? ( ადამიანის დამფრთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე;)
6.      სად ისმისო სიბნელის სადღეგრძელო? (კუდიანების სერობაზე)
VI
გათენდა. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის რიჟრაჟო! რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ! მე მგონია, რომ ამ დილას ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივლი დაუყუჩავია.
გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი. კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი,  რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები.
გავედი სტანციის გარეთ და ერთს მოხევეს შევხვდი. ვიქირავე მისგან ცხენი იმ პირობითა, რომ თითონაც ცხენით გამომყოლოდა. ბოლოს არამც თუ ვინანე, დიდად კმაყოფილის დავრჩი, რომ ჩემი საქმე ეგრე მოეწყო. ჩემი მოხევე ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარამორეული, ხანში შესული კაცი. ბოლოს გამოჩნდა, რომ თვალყურმადევარიც   ყოფილა იმ პატარა ქვეყნისა, რომელიც მის გარშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა.
1.      რა ვერ დაუდუმებია დილის რიჟრაჟს? (ყოველი ტკივილი ქვეყნისა უნდა დაყუჩებულიყოს, მაგრამ თერგი მაინც ჰბღავის და იბრძვის. სჩანს, ქვეყნის ტკივლი დაუყუჩავია.)
2.      როგორ ადამიანს შეჰხარის მწერალი? (კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა.)
3.      რით სჯობს დღე ღამეს? (გათენდა და გაიხმაურა ქვეყანამ ადამიანის ხმითა. დღემ დაიწყო თავისი დაუდეგარი ფაციფუცი.)
4.      რას ჰპირდება ქვეყანას ილია? (მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები ადამიანს, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტყინებულსა.)
5.      ამოკრიბეთ ტექსტიდან მოხევის დახასიათება! (ჭაღარამორეული, ხანში შესული...თვალყურმადევარიც   ყოფილა  პატარა ქვეყნისა)
6.      რა მოვალეობა დაუკისრებია მოხევესთვის ბედისწერას? (მის გარშემო ბედს შემოეხაზა და რომელიცა იმის უფერულის ცხოვრების მისაქცევ-მოსაქცევად დაენიშნა.)

შევსხედით ცხენებზედ და წამოვედით სტეფანწმინდიდამ. უკანასკნელად შევხედე მყინვარს. იგი როგორღაც დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ. ამან ამირია იმ დილით დამშვიდებული გონება. გულმა კიდევ ტოკვა დამიწყო და მკლავმა თრთოლა. სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა.
ჩემი მოხევე სანახავად ღირსი იყო.
რა გქვიან, ძმობილო? – ვკითხე მე.
– …
ლელთ ღუნიას მიხმობენ, – მომიგო მან.
სადაური ხარ?
სადაველ? გაიბოტნიდამ, აქაივ მთაჩია, თერგ-კიდურზედ.
ქართველი ხარ, თუ ოსი?
ოვსი რაიდ ვიქნები?! ქართველ ვარნ, მახევე.
კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი.
არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.
ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.
ჰმ! – ჩაიცინა მოხევემ.
რას იცინი?
საცინალს ვიცინი. ცარიალ სტვამაქი მაგნით ვერ გაძღების.– მაშ ისევ ბარი სჯობნებია: იქ ხალხი უფრო მაძღარია.
ვინ უწყის? იქაითაც საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ. აქაველ ჯანმრთელნი არნ. ცარგვლის გამჩენმა განაგო იქაით-მაძღრობა, აქაითსიმრთელე.
რომელი ქვეყანა სჯობია, მაძღარი თუ მრთელი?
ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა.
ორში რომ ერთი ამოგარჩევინონ?
ორჩიდა? არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის?
1.      რამ აურია დილის რიჟრაჟით დამშვიდებული გონება მწერალს? (მყინვარმა, რომელიც „დიდკაცურად იბღვირებოდა თავის სიმაღლიდამ.“)
2.      რას გაშორდა მძულვარებით და რას-„დიდი პატივით? (სრულის მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით მავალს თერგსა. )
3.      რომელ ფრაზას შეესაბამება თეზა: მთა ლამაზია თვალად და ბედკრულია ცხოვრების წესით? (არაა გონჯაი: ჩვენს ბეჩაობას შეჰფერობს.)
4.      რით მოიხიბლა მთაში  მწერალი? დაიმოწმეთ ფრაზა! (ამისთანა წყალი, ამისთანა ჰაერი სწორედ ბედნიერებაა.)
5.      რით სწუნობს ბარს მოხევე? (საჭირბოროტოია დარჩენა. ადგილ ჰხაშმობს. იქაველ კაცს ფერი არა აქვნ, ჯანი არა აქვნ.)
6.      რას უმადლის მთას მოხევე? (აქაველ ჯანმრთელნი არნ.)
7.      რა განუწესაო არსთა გამრიგემ (ღმერთმა) მთა-ბარს? (იქაით-მაძღრობა, აქაითსიმრთელე.)
8.      რა უპასუხა მოხევემ ილიას კითხვებზე:“რომელი ქვეყანა სჯობია, მაძღარი თუ მრთელი?ორში რომ ერთი ამოგარჩევინონ?“ (ორივენ ერთადა. უერთურთოდ ქვეყანაი გონჯაა..არჩევანზედ? ამ ღორღიან კლდეთ ვიჯობდი, ჯანმრთელია. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის?.)
VII
ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, – ვუთხარი მოხევეს, როცა მე დამეწია, – აი, სტეფანწმინდას პირდაპირ რა მონასტერია?
თერგ-გაღმით? გიწყალობნოსთ ცოცხალთა, შეგინდნოსთ მკვდართა,   წმიდა სამების სახტარი არნ, უწინდალთ განძთა საფარი, ერთა საბჭო.
ჩაფიქრდა ჩემი მოხევე, ცოტა ხანს შემდეგ თვითონ მკითხა მე:
შენ რაი მილეთის ხარნ?
ქართველი ვარ, განა ვერ შემატყვე?
რაიდ შეგეტყვის? ტალავარ არა გაქვნ ქართველთა: რუსად მორთულხარნ.
განა კაცს ქართველობა მარტო ტანისამოსზედ შეეტყობა?
თვალთათვის ტყობად სამასელ არნა.
ენა და საუბარი?
ქართველთ ენად ბევრი საუბრობს: სვამეხიც, ოვსიც, თათარიც, სხვა მილეთიც.
ტანისამოსს ქართველისას კი ცოტანი იცმენ?
ქართველის ტალავარის იერი სრულად სხვაია. რუსულჩი ქართველ კაც მეუცხოების.
ქართველი გულით უნდა ქართველობდეს, თორემ ტანისამოსი რა არის?
მართალ ხარნ. მაგრამად გულჩი ვინ ჩაიხედნის? გული შიგნიდ არნ, უხედველ, ტალავარ გარედ არნ, სახედველ.
თუმცა მე რუსული მაცვია, დამიჯერე, რომ გულით ქართველი ვარ.
იქნების.
არ ვიცი, ჩემმა მოხევემ დამიჯერა, თუ არა. ეს კია, რომ ამის შემდეგ ამისთანა ბაასი გავაბით.
1.      რომელი მიტოვებული ტაძარია სტეფანწმინდის მოპირდაპირედ? (წმიდა სამების სახტარი არნ, უწინდალთ განძთა საფარი, ერთა საბჭო.)
2.      რომელი სიტყვა გამოხატავს ხევსურულ დიალექტზე  სადაურობას? (მილეთი)
3.      რა დაუწუნა ილიას ქართველობას მოხევემ? (ტალავარ არა გაქვნ ქართველთა: რუსად მორთულხარნ.)
4.      რატომ მიაჩნია მოხევეს, რომ სამოსელითაც უნდა ეტყობოდეს კაცს ეროვნება და რატომ ეცოტავება გულით მამულიშვილობა? (თვალთათვის ტყობად სამასელ არნა... მაგრამად გულჩი ვინ ჩაიხედნის? გული შიგნიდ არნ, უხედველ, ტალავარ გარედ არნ, სახედველ.)
– წეღანდელ სიტყვაზედ რომ პასუხი არ მომეცი, – დავიწყე კვლავ მე, – მე გკითხე, ეხლა რატომ აღარ ბჭობენ-მეთქი სამების სენაკში.
– აწინა?.. ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვართ. აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის. ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, .... აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ – პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..
– ეხლა რომ მშვიდობიანობა არის?
რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდაბას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდაბა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.
1.      რას ნიშნავს აქ „ერობა“? (ერთობას)
2.      ახლა რამ რამ გაუუქმაო  ხალხს ერობა? (აწინა?.. ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვართ.)
3.      რა ცვლილება დაეტყო რუსეთის უღელქვეშ მოქცეულ ხალხს? (აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის.)
4.      მოხევე ლელთ-ღუნიას თქმით , რით სჯობდაო ადრინდელი დრო აწმყოს? (ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, .... აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ – პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ)
5.      რა მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო? (წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ)
6.      რას შეადარა მონობის უღელში შებმული ქვეყნის მშვიდობა ლელთ-ღუნიამ? (უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის....რაი არნ მშვიდაბა ცოცხვალ კაცთათვის? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის. )
7.      რას შეადარა თავისუფალი ქვეყნის ცხოვრება? (უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის!..რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს?)
VIII
მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტრითა ხარ ნაჩხვლეტი. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ – სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!..
„ აწინა ტყუობით, მეძავ-მრუშობით, ფიცთა გატეხვით, ერთურთ ღალატით სარჩო-საბადებელ საშოვერ გაგვიხდნის....“
1.      მოხევე ლელთ - ღუნიას რომელმა ფრაზამ შეძრა მწერალი? („ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“)
2.      რა გრძნობა დაეუფლა ილიას ლელთ-ღუნიას სიტყვების მოსმენისას? (გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა.)
3.      რომელ კითხვაზე სთხოვს პასუხს ერის სულიერი მამა და მოძღვარი მიწა-წყალს? (როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?)
4.      რა გზით მოიპოვებსო მონა ლუკმა-პურს? სარჩო-საბადებელს? („ აწინა ტყუობით, მეძავ-მრუშობით, ფიცთა გატეხვით, ერთურთ ღალატით სარჩო-საბადებელ საშოვერ გაგვიხდნის....“)